„საკრებულოს საუკეთესო წევრები“
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტი“ ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში კონკურსის „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. „საკრებულოს საუკეთესო წევრის“ სტატუსი ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯუმბერ დიმიტრაძემ, შუახევში - ფატი ჭაღალიძემ, ქედაში - ვაჟა ბოლქვაძემ, ხელვაჩაურში - თეიმურაზ დუმბაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვიტალი ქარცივაძემ მოიპოვეს.
კონკურსი ჩატარდა პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში, ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების მონიტორინგის საფუძველზე, ევროკავშირის მხარდაჭერით.
„მოსახლეობისგან ჩემში არის „ავანსი“ ჩადებული, რომელიც უნდა დავუბრუნო!“
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საუკეთესო წევრის“ სტატუსი იურიდიულ და სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ჯუმბერ დიმიტრაძეს ერგო. იგი საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციიდან მივიდა. მისი დებიუტი 2010 წელს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტში“ შედგა, როცა მშობლიურ აგარის თემში განმანათლებლად მუშაობდა და თანასოფლელებს სამოქალაქო განათლებას აცნობდა. ამბობს, რომ „გზა, რომელიც გამოიარა ყველაზე პატიოსანია.“
ჯუმბერ დიმიტრაძე თვლის, რომ თვითმმართველობაში მისი მოსვლა საჭიროებამ გამოიწვია და კონკრეტული მიზნისკენ არის მიმართული: „კარგი სიახლე უნდა შევიტანო ჩემს თემში. ზოგადად თვითმმართველობის სისტემა არ არის დახვეწილი სოფლებთან მიმართებაში... ამიტომ მოვედით ჩვენი გუნდი, რომ რაღაც შევცვალოთ უკეთესობისკენ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სოფლის განვითარებაში.
საკრებულო ზუსტად ისეთია, როგორიც აქ მოსვლამდე წარმომედგინა. მაშინდელ საკრებულოებთანაც ვმუშაობდი, ვცდილობდი დადებითი კუთხით შეცვლილიყო, მაგრამ... ბევრი სიახლე გვაქვს საკრებულოში. არის პროგრამები, პროექტები, როგორებიც აქამდე არ ყოფილა. ისინი ორიენტირებულია იმაზე, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა არის თვითმმართველობა, გაიაზროს რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება.“
დიმიტრაძემ „ინტელექტის“ მიერ შემუშავებულ „კარგი მმართველობის დეკლარაციას“ ხელი საჯაროდ მოაწერა. „დეკლარაციაზე ხელის მოწერა - ეს არის გარკვეული პასუხისმგებლობის და ვალდებულების აღება ამომრჩევლის წინაშე. როცა საკრებულოში მოდიხარ, შესაბამისად გრძნობ რაოდენ დიდ პასუხისმგებლობას იღებ ამომრჩევლის წინაშე, მაგრამ როცა ხელს აწერ დოკუმენტს, ეს უკვე ორმაგი პასუხისმგებლობაა,“ - აღნიშნა მან.
ხულოს მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ „ინტელექტის“ მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობდა: იყო თემის განმანათლებელი, „ინტელექტის“ მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო ტრენინგებს ესწრებოდა და ასევე წინასაარჩევნოდ კონკურენტებთან ერთად შეხვდა ამომრჩევლებს. შემდეგ ხელი მოაწერა „კარგი მმართველობის დეკლარაციას,“ მოგვიანებით მაჟორიტარი დეპუტატის ამპლუაში წარსდგა ამომრჩევლის წინაშე და პირველი ანგარიში წარუდგინა. ბოლო აქტივობა იყო კონკურსი „საკრებულოს საუკეთესო წევრი,“ რომელშიც გაიმარჯვა კიდეც. "არ ველოდი "საკრებულოს საუკეთესო წევრად" მე თუ დამასახელებდნენ... 28-ვე საკრებულოს წევრი აქტიური და საქმიანია. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ! ეს გამარჯვება არის სტიმული ჩემი მომავალი აქტიურობისა. დიდი მადლობა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტს" თვითმმართველობის განვითარებისათვის გაწეული შრომისათვის. ვისურვებდი, კიდევ ბევრი მსგავსი პროექტი განეხორციელებინოს,"- განაცხადა დაჯილდოებისას.
დიმიტრაძე „ინტელექტთან“ თანამშრომლობას სამომავლოდაც გეგმავს: „დარწმუნებული ვარ ყველა საკრებულოს წევრი სიამოვნებით მიიღებს თქვენს პროექტებში მონაწილეობას, რადგან ძალიან საინტერესო პროექტებს ახორციელებთ და ეს საკრებულოს ნებისმიერი წევრისთვის მომგებიანია!“
„როცა აქედან წავალ, აუცილებლად სოფლის მეურნეობის რომელიმე სფეროს განვავითარებ“
პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში ჩატარებული თვითმმართველობის საკრებულოების მონიტორინგის შედეგად, შუახევის მუნიციპალიტეტში „საკრებულოს საუკეთესო წევრი“- ფატი ჭაღალიძე გამოვლინდა.
ქალბატონი ფატი შუახევის საკრებულოს ერთადერთი ქალი წევრია: „საკრებულოში ერთი ქალი ვარ და მამაკაცები განსაკუთრებულად მანებივრებენ. სხვა არის ქალური ინტუიცია... მამაკაცები ცოტათი ემოციურები არიან, უფრო უხეშებიც. მაგრამ როცა მათ გვერდით ვარ, ყველანაირი უხეშობა იქ ადგილს კარგავს!“
ამბობს, რომ წინასაარჩევნო საქმიანობა რთული იყო, მაგრამ არა შეუძლებელი: „საკმაოდ რთული იყო ქალისთვის წინასაარჩევნოდ სოფელში გასვლა, ამომრჩევლებთან შეხვედრები... მიუხედავად ამისა შიშის გრძნობა არ მქონია. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოსახლეობა მხარს დამიჭერდა, თუმცა იმისთვისაც ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად, რომ შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი. ბევრს ვფიქრობდი, იქნებ ვერ გავამართლო ხალხის იმედები... მაინც ქალი ვარ და... შუახევი მაღალმთიანია... მაქსიმალურად ვცდილობდი მიმეტანა ჩემს ამომრჩევლამდე ინფორმაცია, თუ რისი გაკეთება შეიძლებოდა. მათთან არანაირი დაპირება არ მქონია. ვეუბნებოდი, რომ ვიქნები კარგი შუამავალი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.“
საკუთარ თავს ხშირად ეკითხება: რის გაკეთებას შევძლებ? რატომ არ წყდება ყველა პრობლემა? საკრებულოში მოსვლამდე ეგონა, რომ ყველა პრობლემის გადაჭრა შეიძლებოდა მოსახლეობისათვის, ახლა გააცნობიერა, რომ ეს შეუძლებელია, ერთ პრობლემას მეორე მოსდევს, მეორეს მესამე და ასე გრძელდება დაუსრულებლად... სურდა მეტი დახმარება გაეწია ქალებზე, დედებზე... თვლის, რომ „ყველაზე დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის იქნება განათლებული საზოგადოება.“ ამიტომაც თითქმის ყოველდღიურად ეწევა აგიტაციას მოსწავლეებთან და მშობლებთან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება. გული წყდება, რომ საღად მოაზროვნე ბავშვები ფინანსური მდგომარეობის გამო სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აგრძელებენ და მიზეზად „ვერ ვისწავლიო“ მოყავთ. ამიტომაც ქალბატონი ფატი მაქსიმალურად ცდილობს მიაწოდოს ინფორმაცია გრანტების შესახებ, სად და როგორ უნდა მიიღონ; სად შეიძლება ჩააბარონ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედარებით დაბალი ქულებით, რომელ უნივერსიტეტებში. „ინფრასტრუქტურულ და სხვა ღონისძიებებთან ერთად, ჩემი აქტიური მუშაობა მიდის ამ კუთხით: გვყავდეს რაც შეიძლება ბევრი სტუდენტი და შემდეგში განათლებული საზოგადოება - ახალგაზრდა თაობა,“- აღნიშნა ქალბატონმა ფატიმ „ინტელექტთან“.
ის, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმების პრობლემაა, არახალია. ფატი ჭაღალიძე ამ საკითხის მოგვარებას სოფლის მეურნეობის განვითარებაში ხედავს: „საკრებულოში მოსვლის შემდეგ დავინახე, რომ დასაქმება შეიძლება შევქმნათ ჩვენ თვითონ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს უამრავი პროგრამა, რომლითაც შეიძლება შევქმნათ სამუშაო ადგილები. ამის მაგალითი გვაქვს სოფელ მაწყვალთაში - ადგილობრივმა მცხოვრებმა მინი ფერმა გააკეთა. არის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ნებისმიერ პერსპექტიულ ბიზნეს-გეგმას აფინანსებს. შუახევში შეიძლება განვითარდეს მეფუტკრეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა, მევენახეობა, მეთხილეობა. თუ ეს დარგები განვითარდება, სოფლები არ დაცარიელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა გზის მოწესრიგება იქნება, რაც მიღებული პროდუქციის გადაზიდვა-რეალიზაციაში შეუწყობს ხელს. მე მოვუწოდებ ჩემს ამომრჩევლებს, იფიქრონ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. როცა სადეპუტატო ვადის ამოწურვის შემდეგ აქედან გავალ, არ ვაპირებ პედაგოგიურ საქმიანობას თავი დავანებო, მაგრამ პარალელურად აუცილებლად სოფლის მეურნეობის რომელიმე სფეროს განვავითარებ.“
ქალბატონ ფატის არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა აუცილებლობად მიაჩნია: „ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მუშაობა ყოველთვის წარმატებულია. ამას წინათ მქონდა ჩემს სოფელში სოფლის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტის არჩევასთან დაკავშირებით პრობლემა. მოსახლეობის ხმები გაიყო 50/50-ზე. გამახსენდა თქვენეული პრბლემების კვლევის მეთოდოლოგია და შევთავაზე მათ: მე მოვიწვევ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ თანამშრომლებს, ისინი უფრო დაგაკვალიანებენ, აგიხსნიან, რჩევებს მოგცემენ და შესაბამისად გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება. საბოლოოდ „ინტელექტის“ შემოთავაზებული მეთოდოლოგიით ვისარგებლეთ.“
„ინტელექტის“ მიერ პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტების მონიტორინგის საფუძველზე ჩატარებულ კონკურსს „საკრებულოს საუკეთესო წევრი,“ ქალბატონი ფატი დადებითად აფასებს და თვლის, რომ მსგავსი კონკურსები საკრებულოს წევრების მოტივაციას აამაღლებს: „მოტივაცია ყველგან და ყველაფერში საჭიროა. „საკრებულოს საუკეთესო წევრის“ ტიტული, ყველა საკრებულოს წევრს წაახალისებს. ყველა აქ მოსული დეპუტატი თავისთავად მოტივირებულია, რომ იმუშაოს თავისი ხალხისთვის, მაგრამ ასეთი კონკურსების შემთხვევაში რაღაც ახალი ინიცირებით შევიდა, ხალხთან შეხვედრები უფრო ხშირად დაგეგმა...“
რა კვალს დატოვებს ფატი ჭაღალიძე შუახევის მუნიციპალიტეტში და მშობლიურ თემში? – „თემში რამდენიმე ინფრასტრუქტურული ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის თემის ადმინისტრაციული შენობის აშენება (რომელზედაც 108 000 ლარი დაიხარჯება), ჟანივრის სკოლის მშენებლობა (დაიწვა და მიდის მოლაპარაკება ახლის აშენებაზე), ბრილის ელექტროგადამცემი სადენების რეაბილიტაცია (ეს იქნება თემის მაგისტრალური ხაზი). - შუამავლები ვართ ენერგოპროსა და სატყეო მეურნეობასთან, რადგან სადენების გაყვანის დროს ტყის გარკვეული მონაკვეთის გაჩეხვა ხდება.“ ქალბატონი ფატი თვლის, რომ „ეს მოსამზადებელი წელი იყო ჩემთვის და საბოლოოდ ვფიქრობ, გაცილებით მეტის გაკეთებას შევძლებ, ვიდრე ამ 7-8 თვის განმავლობაში.“
ფატი ჭაღალიძისთვის "საკრებულოს საუკეთესო წევრის" სტატუსის მინიჭება მოულოდნელი იყო: "დღეს უბედნიერესად ვგრძნობ თავს! არ მეგონა ამ კონკურსის გამარჯვებული მე თუ ვიქნებოდი... დიდი მადლობა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტს" ყველაფრისთვის, რასაც მუნიციპალიტეტების საკრებულოების ხელშეწყობისა და საკრებულოს წევრთა მოტივაციის ამაღლებისათვის აკეთებს. მაქსიმალურად შევეცდები წოდება "საკრებულოს საუკეთესო წევრი" გავამართლო და უფრო მეტი კარგი საქმე გავუკეთო ჩემს ამომრჩევლებს და შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას."
„ჩემი ხალხისთვის მინდა მეტი გავაკეთო...“
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჰყავს გამორჩეული წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ვაჟა ბოლქვაძე, რომელიც ამავე პარტიის სახელწოდების ფრაქციას ხელმძღვანელობს. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ მიერ პროექტის „თემები დემოკრატიული არჩევნებისათვის“ ფარგლებში საკრებულოების მონიტორინგის საფუძველზე ჩატარებულ კონკურსში „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ სწორედ მან გაიმარჯვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა ბოლქვაძე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთადერთი წევრია, რომელსაც სხვა აქტივობებთან ერთად აქვს წინადადებები და სურვილი ამა თუ იმ პრობლემატური და საჭირო საკითხთის ინიცირება მოახდინოს. ყოველი სხდომის წინ სათანადოდ ემზადება, საკითხების შესაბამისად კანონს კითხულობს და ნებისმიერ საკითხზე თავის მოსაზრებას არგუმენტებით ამყარებს. როგორც თვითონ ამბობს, ხშირად საყვედურობენ „სულ შენ როგორ უნდა ილაპარაკოო,“ თუმცა ამის გამო საკუთარ თავს შეზღუდვებს არ უწესებს და თავის, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილებას აგრძელებს.
ვაჟა ბოლქვაძე პროფესიით აგრონომია. მისი დებიუტი ჯერ კიდევ „კომუნისტების“ დროს აგროსამრეწველო გაერთიანებაში შედგა. პოლიტიკურ მოღვაწეობას 1995 წლიდან „მოქალაქეთა კავშირის“ ქედის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით იწყებს. 1999 წელს ფინანსური პრობლემების გამო რუსეთში წავიდა, სადაც ოჯახის შესანახად ფიზიკურად შრომობდა. 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში დაბრუნდა საქართველოში და ისევ პოლიტიკურ მოძრაობაში ჩაერთო, ამჟამად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გახდა და დღემდე ამ პარტიის მანდატს იცავს.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ვაჟა ბოლქვაძე ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ, მოგვიანებით კი პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2008 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად იქნა არჩეული, სადაც აგრარული და თვითმმართველობის კომიტეტი ჩააბარეს. 2012 წლის 3 ოქტომბერს (2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როცა საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვაჟა ბოლქვაძე მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩია, სადაც 11 თვე და 6 დღე იმუშავა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია და ფრაქციის ხელმძღვანელი.
„როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი ხარ, დატვირთვა, მეტია. მაგრამ როცა საკრებულოს წევრი ხარ, საქმის კეთება უფრო რთულია. მე ამ პოზიციაზე უფრო მიჭირს. ჩემი ხალხისთვის მინდა მეტი გავაკეთო, მაგრამ ოპოზიციაში ვარ და არ ხელმეწიფება. ფაქტიურად 10 წელი ვემსახურებოდი ჩემს მოსახლეობას, თითქმის ყველა ოჯახი ზეპირად ვიცი... გამომდინარე აქედან, საკრებულოში, როგორც წარმომადგენლობით ორგანოში, ვსვამ საკითხს, და მე არა მაქვს უფლება, რომ კანონპროექტის ინიცირებით შევიდე, უმრავლესობა მხარს არ მიჭერს, რადგან ოპოზიციონერი ვარ,“-აღნიშნა ვაჟა ბოლქვაძემ. იგი თვითმმართველობაში თავისი კვალის მნიშვნელოვნად დატოვებას გეგმავს და ამ მხვრივ მთავარ საკითხად 2012 წელს მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დახმარება მიაჩნია.
ვაჟა ბოლქვაძე კონკურსს „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ დადებითად აფასებს. ამ კონკურსში გამარჯვებული თუ თვითონ იქნებოდა, არ ეგონა: "გაოცებული ვარ... რადგან საკრებულოში უმცირესობის წევრი ვარ, მოლოდინი იმისა, რომ მე ვიქნებოდი "საკრებულოს საუკეთესო წევრი," არ მქონია. მადლობა "ინტელექტს" ასეთი სიურპრიზისთვის, სამართლიანობისთვის და იმ დიდი ინტერესისთვის, რასაც თვითმმართველობის განვითარებისა და დეპუტატების მოტივაციის ამაღლებისათვის იჩენს აჭარის რეგიონში!"
„2-3 წელიწადში სოფელი, სადაც ავტომობილი ვერ მივა, არ უნდა არსებობდეს!“
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თეიმურაზ დუმბაძე გახდა. იგი საკრებულოს წევრი პირველადაა. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც მოიპოვა საკრებულოს მანდატი, მაგრამ იმდროინდელმა საკრებულომ გამგებლად აირჩია და შესაბამისად დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
თეიმურაზ დუმბაძე თვლის, რომ „დეპუტატის როლი საინტერესოა, თუ უფლება-მოსილებას სინდისიერად ახორციელებ. გამგებლის პოზიციიდან უფრო რთულია ხალხის სამსახურში ყოფნა, პირადად გიხდება პრობლემასთან შეჭიდება, გადაწყვეტა და გადალახვა. რა თქმა უნდა დეპუტატსაც აქვს პრობლემებთან შეხება, მაგრამ ძირითადად ამ პრობლემას წყვეტს აღმასრულებელი. ამდენად მე პირდაპირ ვამბობ, რომ გამგებლის და აღმასრულებლის პოზიციიდან უფრო რთულია ხალხის სამსახურში ყოფნა.“
თეიმურაზ დუმბაძე ცდილობს დრო მაქსიმალურად გამოიყენოს და ამომრჩევლებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები მოაგვაროს. „2-3 წელიწადში სოფელი, სადაც ავტომობილი ვერ მივა, არ უნდა არსებობდეს!“ - აცხადებს ის. მისი პრიორიტეტი ხელვაჩაურში მიწასთან დაკავშირებული პრობლემებია. ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია სოციალური საკითხების მოგვარებაც. ბატონი თეიმურაზი იმედოვნებს, რომ „სადეპუტატო ვადის გასვლის შემდეგ პირნათლად წარვსდგები მოსახლეობის წინაშე.“
ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტთან“ თანამშრომლობით თეიმურაზ დუმბაძე კმაყოფილია: „კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ თქვენს მიერ ბევრი რამ გაკეთდა ჩვენი თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის. თქვენ ბევრი ტრენინგი ჩაატარეთ, რითაც ხელი შეუწყეთ საჯარო მოხელეების პროფესიონალურ დაოსტატებას, ცოდნის გაღრმავებას. მე მომეწონა თქვენი პროექტი რომელიც დეპუტატების ანგარიშგებას ითვალისწინებდა მოსახლეობის წინაშე...“
თეიმურაზ დუმბაძემ 2010 წელს „ინტელექტის“ მიერ „საკრებულოს საუკეთესო წევრის“ გამოსავლენად ჩატარებული კონკურსიც გაიხსენა: „მაშინ როგორც მახსოვს ოპოზიციური პარტიის წევრს ერგო ეს სტატუსი. მას შემდეგ ბევრი დეპუტატი ცდილობდა, რომ აქტიურად ჩართულიყო საკითხების განხილვაში. მინდა გითხრათ რომ ასეთი აქტივობა მისასალმებელია, რადგან დეპუტატის მოტივაცია იზრდება და თვითონ დეპუტატი ცდილობს უფრო აქტიური იყოს საკრებულოში, აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა საპრობლემო საკითხების გადაჭრასა თუ გადაწყვეტილების მიღებაში.“
„საკრებულოს საუკეთესო წევრის“ სტატუსის მინიჭება თეიმურაზ დუმბაძისთვის მოულოდნელი იყო: „დღევანდელი გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. არ ველოდი ამ კონკურსში მე თუ გავიმარჯვებდი. სტატუსი "საკრებულოს საუკეთესო წევრი" საპატიოა, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე და იმ პრობლემებისა და საკითხების დასაყენებლად და დასამუშავებლად, რომელიც არის დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მადლობა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტს" ასეთი სიურპრიზისთვის."
„შევეცდები ვიყო "საკრებულოს საუკეთესო წევრი"
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „საუკეთესო წევრის“ სტატუსი ვიტალი ქარცივაძემ მოიპოვა. იგი საკრებულოს წევრი პირველადაა. საკრებულო როგორიც წარმოედგინა ვიტალი ქარცივაძეს, ისეთი არ დახვდა: „სრულყოფილად რომ იცოდე საკრებულოს მუშაობა, აუცილებლად მისი წევრი უნდა იყო. მარტო ქაღალდზე დაწერილი კანონმდებლობა არ არის საკმარისი მხოლოდ იმისათვის, რომ პრაქტიკას პირდაპირ მოერგო. სხვა რეალობა დამხვდა საკრებულოში, მაგრამ არა კატასტროფული.“ ვიტალი თვლის, რომ „მაჟორიტარობა რთულია. თავიდანვე უნდა გააცნობიერო, რომ ანგარიშვალდებული ხარ მოსახლეობის წინაშე. ამ შემთხვევაში თავს გაართმევ... ჩემი დეპუტატობის პერიოდში მინდა რომ მოსახლეობამ იგრძნოს და უკეთესი რეალობის წინაშე დადგეს. შესაძლებელია მოსახლეობის არჩევანი და მოლოდინი რაც იყო არ ასახავს იმას, რაც არის დღევანდელი მდგომარეობა, მაგრამ ჩემს ამომრჩევლებს ვპირდები რომ პირადად მე და მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელი, საკრებულოს წევრები თავდაუზოგავად მუშაობენ იმისათვის, რომ ეს რეალობა უკეთესობისკენ შეიცვალოს.“
ვიტალი ქარცივაძე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას აუცილებლობად მიიჩნევს: „არასამთავრობო ორგანიზაციებს უშუალოდ აქვთ გაწერილი პროგრამა მუნიციპალიტეტების საკრებულოების გასაძლიერებლად, რათა ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტური იყოს. შესაბამისად ჩვენთვის მომგებიანია თქვენთან თანამშრომლობა.“
„ნებისმიერ ადამიანს, საკრებულოს წევრია თუ არა, ყოველთვის უხარია მისი შრომის დაფასება. ამას არასამთავრობო ორგანიზაცია გააკეთებს თუ მთავრობა, მნიშვნელობა არა აქვს. კონკურსი წამახალისებელია და მოტივაციას აამაღლებს,“ - ამ არგუმენტით ამყარებს ვიტალი ქარცივაძე „ინტელექტის“ მიერ საკრებულოების მონიტორინგის საფუძველზე ჩატარებული კონკურსის - „საკრებულოს საუკეთესო წევრი“ - მნიშვნელობას.
კონკურსში გამარჯვება ვიტალი ქარცივაძისთვის მოულოდნელი იყო: "არ ველოდი, რომ წილად მე მხვდებოდა ეს სტატუსი - "საკრებულოს საუკეთესო წევრი". ბედნიერი ვარ ამ სტატუსის მონიჭებისთვის... შევეცდები ვიყო "საკრებულოს საუკეთესო წევრი" და ღირსეულად ვატარო სტატუსი, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტმა" მომანიჭა. დიდი მადლობა მას!"