საჯარო შეხვედრა "CSR და ქალ ბიზნესმენთა ჩართულობა".
დღეს, "ინტელექტისა" და აჭარის ქალ ბიზნესმენთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატაში, გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე "CSR და ქალ ბიზნესმენთა ჩართულობა".
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის რეგიონში მოქმედი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ქალბატონები.
შეხვედრაზე განხილული იქნა ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მნიშვნელობა, საზოგადოებრივ პროცესებში ქალ ბიზნესმენთა აქტიური ჩართულობის როლი, გზები და ის სიკეთეები, რაც შეიძლება მოყვეს მსგავს აქტივობას.
გარდა ამისა, გაჟღერდა ინფორმაცია ელექტრონული პლატფორმის შესახებ, რომლის შექმნაზეც მიმდინარეობს მუშაობა და სამომავლოდ, ბიზნეს კომპანიების მიერ, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
საჯარო შეხვედრა ჩატარდა აჭარის რეგიონული ჰაბის (ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი") მიერ, პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" (CSSIGE) ფარგლებში
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.
პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).