საჯარო ლექცია - „თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მექანიზმები“
დღეს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ორგანიზებით, პროექტის - „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა საჯარო შეხვედრა „თურქეთის რესპუბლიკაში შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვის მექანიზმები“.
შეხვედრას „ინტელექტის“ იურისტი გიორგი სურმანიძე უძღვებოდა. მან ამჟამინდელ და პოტენციურ შრომით მიგრანტებს, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებს, შემდეგ საკითხებზე ესაუბრა:
· კანონის იერარქია, თურქული შრომის კანონმდებლობა და თურქული სასამართლო;
· არალეგალური შრომითი მიგრაცია და მასთან დაკავშირებული რისკები;
· ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;
· ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი ხელშეკრულებები;
· კონტრაბანდა და მასთან დაკავშირებული საფრთხეები.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრების მიზანია ხელი შეუწყოს ეკოლოგიურ და შრომით მიგრანტებს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების რეალიზაციაში, ასევე მათი ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში საზღვარგარეთ არალეგალური დასაქმების დროს არსებული საფრთხეების, შრომითი ტრეფიკინგის თავიდან აცილების საშუალებების, საკუთარი უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმების, მეზობელ სახელმწიფოებში ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
საჯარო შეხვედრები აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაური და ქობულეთი) 63 თემში ჩატარდება.