„ინტელექტის“ დახმარებით სურვილები ხდება“
ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტებმა, რომლებმაც მზარეულის სპეციალობის კურსი ქობულეთში, საზოგადოებრივ კოლეჯ ახალ ტალღაში გაიარეს, გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
საგამოცდო პროცესი რთული, მაგრამ საინტერესო იყო. ბენეფიციარები ამ დღისთვის სათანადოდ იყვნენ მომზადებულები. კომისიის წინაშე განსაკუთრებული მონდომებით შეუდგნენ იმ საქმეს, რომელიც წარმატებული მომავლის გარანტად აირჩიეს.
მიგრანტი მზარეულების თეორიულ და პრაქტიკულ შესაძლებლობებს სპეციალური კომისია აფასებდა. კომისიის წევრი ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევან გობაძე კურსდამთავრებულების გამოცდით კმაყოფილია. მან ბენეფიციარების ნაშრომები დადებითად შეაფასა.
მიგრანტებმა პროფესიული სწავლების საგრანტო პროგრამა პროექტ „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს, რომელსაც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.